პროექტის, "ციფრული სკოლა - საქართველო", ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში ჩვენი სკოლის გუნდი მცხეთის #1; წეროვნის #3 და დუშეთის #1 საჯარო სკოლის გუნდებთან ერთადაა ჩართული. ტრენინგები თბილისის #98 საჯარო სკოლის ბაზაზე ხორციელდება და ნაყოფიერი მუშაობისთვის საჭირო საუკეთესო პირობებია შექმნილი.
ტრენინგი #1 თარიღი: 23.02.2019ტრენინგის რეფლექსია
პირველმა ტრენინგმა ჩვენი სკოლის გუნდის დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ, მეგობრულ გარემოში და ფასილიტაციას გვიწევდნენ პროფესიონალი ტრენერები დიმიტრი პოპოვი და მეგი კობახიძე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე იყო padlet.com, kahoot.com, leplanner.com პროგრამებში მუშაობა, რასაც აუცილებლად დავნერგავთ სკოლაში. ეტაპობრივად დავიწყებთ მოსწავლეთა სმარტფონების სასწავლო პროცესში გამოყენებას. განვიხილეთ თვითრეფლექსიის ინსტრუმენტი "სელფი" ,რომელიც სკოლებს დაგვეხმარება შევაფასოთ თუ როგორ ვიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიებს ინოვაციური და ეფექტური სწავლისთვის. გვაქვს დიდი ენთუზიაზმი და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა ნაწილს არ აქვს სათანადო უნარები და მოტივაცია ციფრული რესურსი აქციოს სასწავლო პროცესის წამყვან ნაწილად, დარწმუნებული ვართ, რომ სიახლეებს ფეხს ავუწყობთ.
ტრენინგი #2 თარიღი: 14.03.2019
ტრენინგის რეფლექსია
მეორე სამუშაო შეხვედრის დასაწყისში მონაწილე გუნდებმა წარმოვადგინეთ სკოლის "სელფი"-ს რეპორტი, რომლის მიმოხილვის შედეგად დავაფიქსირეთ თუ ამჟამად სად ვიმყოფებით სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, რისთვისაც დავეყრდენით მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლის ხელმძღვანელობის მოსაზრებებს. შეხვედრის განმავლობაში სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა, როგორც ადმინისტრატორმა, სკოლის გუნდი ციფრულ სარკეში დაარეგისტრირა. ციფრული სარკის ნიმუშის მიმოხილვის საფუძველზე შემდეგი შეხვედრისათვის გუნდმა უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი სკოლის "ციფრული სარკის" რეპორტი. სამუშაო შეხვედრის განმავლობში შევისწავლეთ დაგეგმარების ინსტრუმენტი Ttello.
მოვისმინეთ და განვიხილეთ პრეზენტაცია "დიზაინი და აზროვნება". ტრენერმა ბ-მა დიმიტრი პოპოვმა ტრენინგის მონაწილის მასალებიდან გაგვაცნო დავალება 1 - "აღმოჩენა" და შემდეგი შეხვედრისთვის დავალების ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა.
ტრენინგი #3 თარიღი: 30.03.2019
ტრენინგის რეფლექსია
მესამე სამუშაო შეხვედრის დასაწყისში მონაწილე გუნდებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება, რომელიც შეეხებოდა როგორც პედაგოგების ასევე მოსწავლეების გავრცელებული ოთხი ტიპის გამოკითხვის შედეგებს.
ტრენინგის განმავლობაში გავეცანით ტესტირების ჩატარების საიტს სახელწოდებით: www.plickers.com. აღნიშნული საიტის მიმოხილვისას აღმოვაჩინეთ, რომ ტესტირების პროცედურა მარტივია, პირველ ეტაპზე რეგისტრირდები www.plickers.com - ზე, ქმნი შენს კლასებს და თითოეულ კლასში ამატებ მოსწავლეებს, რომლის შემდგომ საიტი ავტომატურად ანიჭებს მათ რიგითი ნომრის შესაბამის ბარათებს, რომელთა ამობეჭდვა მარტივია. ვქმნით ახალ ტესტებს ან ტესტების კომპლექტს, აღსანიშნავია, რომ შექმნისას შესაძლებელია როგორც სურათების და ასევე გიფების გამოყენება. მობილური აპლიკაცია ასკანერებს მოსწავლეთა ბარათებს და აფიქსირებს პასუხის სისწორეს. აქვე შეგვიძლია ვიხილოთ მოსწავლეთა მონიტორინგი.
ტრენერებმა დ. პოპოვმა და მ. კობახიძემ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია და შეგვასწავლეს დისკუსიის ჩატარების პატარა ვებ-აპლიკაცია სახელწოდებით: www.tricider.com, რომლის საშუალებით სწრაფად და მარტივად ხდება კენჭისყრის შედეგების დაფიქსირება და გადაწყვეტილების მიღება.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ საიტი - www.edshelf.com, რომელზეც განთავსებულია საგანმანათლებლო ინსტრუმენტები. აღნიშნული საიტი საუკეთესო საშუალებაა იპოვო შენი საჭიროების შესაბამისი ელექტრონული სრულყოფილი ინსტრუმენტი დაათვალიერო და შეისწავლო. აქვე საშუალება გაქვს გაფილტრო და აღმოაჩინო ფასიანი და უფასო საიტები, მობილური აპები, სწავლებისა და სწავლის ელექტრონული პროდუქტები.
ტრენინგი #4 თარიღი 18.05.2019
"ციფრული სკოლა - საქართველოს" მეოთხე სამუშაო შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის დასაწყისში თითოეული სკოლის გუნდმა საკუთარი ბლოგის პრეზენტაცია მოვახდინეთ, მოვისმინეთ ტრენერების რჩევები და დანარჩენი გუნდებისაგან მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი. განვიხილეთ პოსტერების წარმოება და გავაცნობიერეთ ვიდეო-ფიჩინგის არსი. ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ ძალიან საინტერესო ციფრული ინსტრუმენტი - Pressbooks. აღნიშნული ინსტრუმენტი პედაგოგებს დაგვეხმარება მივიღოთ ახალი გამოწვევა, გავხდეთ მეტად კრეატიულები და სასწავლო გარემო კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გავხადოთ.
მადლობას ვუხდით როგორც ტრენერებს: დიმიტრი პოპოვსა და მეგი კაპანაძეს, ასევე მონაწილე სკოლის გუნდებს სამუშაო შეხვედრების ასე საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმართვისთვის. ტრენინგის ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
























No comments:
Post a Comment